დღეს, 18 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართება. სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" კანდიდატების გარდა, საბაჟო განაკვეთებთან დაკავშირებულ კანონსა და საარჩევნო კოდექსსაც დაამტკიცებენ.
12-პროცენტიანი საბაჟო განაკვეთი წესდება რიგი ბოსტნეულის, სამშენებლო მასალის, ჰიგიენური საშუალებების, საიუველირო ნაწარმის იმპორტზე. 5-პროცენტიანი ღორის ხორცზე, ყველსა და ხაჭოზე რჩება.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებსა და საარჩევნო პროცედურების დახვეწას ეხება.
დეპუტატები დაამტკიცებენ შვილად აყვანის გამარტივებასთან და ომის ვეტერანების ოჯახების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებულ კანონპროექტებსაც.
18 დეკემბრის სხდომის შემდეგ პარლამენტი მუშაობას წლის ბოლომდე რიგგარეშე ფორმატით გააგრძელებს.