მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ბათუმის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ლიდერებმა, გურამ ხოზრევანიძემ და ნუგზარ კაკალაძემ, ხელისუფლების უსამართლო ქმედებებზე ისაუბრეს.
"საკმარისია ჩვენ გვერდით გამოჩნდეს ვინმე, ვინც სოციალურ დახმარებას იღებს, რომ მეორე დღესვე მას თავზე ადგება სოციალური აგენტი და გაურკვეველი დროით დახმარებას უწყვეტს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას სოციალური დახმარების ფონდი "ნაცმოძრაობის" პარტიული სალარო ჰგონია", _ აცხადებენ ხოზრევანიძე და კაკალაძე.
პრესკონფერენციაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ ხელისუფლება ცდილობს, არსებული მძიმე რეალობა ლამაზ ფერებში წარმოაჩინის.
"ყოველი სტუმრობისას, პრეზიდენტი გვიმტკიცებს, რომ აჭარა უნდა გადააქციოს ტურისტებისთვის მსოფლიოში ყველაზე უფრო მიმზიდველ რეგიონად. აღმაშფოთებელია, რომ ხელისუფლების ასეთი რიტორიკის ფონზე სხალთა-ხიხანის ხეობაში გზა კატასტროფულ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით, ამ გზის ზამლეთი-სხალთის მონაკვეთი. აქ ადამიანებს ცხენით გავლაც კი უჭირთ", _ აცხადებენ ისინი.D
მათი თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხელ მახარაძე სხალთაშია დაბადებული და გაზრდილი და, ამდენად, გაუგებარია, რატომ არ გამოთქვამს იგი პროტესტს.
მათი განცხადებით, სოფელ ძმაგულიდან 13 ბავშვი 7 კილომეტრით დაშორებულ ყინჩაურის სკოლაში ყოველდღე ფეხით დადის. ხოზრევანიძე და კაკალაძე მოუწოდებენ ხელისუფლებას, დანიშნოს რაიმე სახის ტრანსპორტი, რომელიც ბავშვების სკოლაში მისვლა-მოსვლას უზრუნველყოფს.