დუშეთის რაიონის სოფლებიდან ტონჩადან და დუდაურებიდან, რომლებიც ოკუპირებულ ახალგორს ესაზღვრება, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით სული საქონელი დაიკარგა. ამის შესახებ მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს.
სოფელ ტონჩას მაცხოვრებლების თქმით, ქურდებმა საქონელი სავარაუდოდ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. „შიშით საქონელს გარეთ ვეღარ ვუშვებთ, გვპარავენ. დახმარებისთვის პოლიციას მივმართეთ, მაგრამ ყურადღება არ მოგვაქციეს", - აღნიშნეს სოფელ ტონჩას მაცხოვრებლებმა.
მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დღეს, დილით სოფელ დუდაურებიდან 27 სული ძროხა დაიკარგა. ჭონქაძის თემის რწმუნებული სოსო თანიაშვილი, რომლის ტერიტორიულ გამგებლობაშიც სოფელი დუდაურები შედის, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. „მე ვიკითხე და მითხრეს, არაფერი დაგვიკარგავს, სხვა სოფლებში დაკარგესო. თვითონ დუდაურებში არ ვარ და თუ ზუსტად ვერ გეტყვით", - აღნიშნა თანიაშვილმა.
საქონლის ქურდობის ფაქტებზე დუშეთის პოლიციაში კომენტარი არ გააკეთეს.