დღეს, 14 ივლისს, 19:00 საათზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართება აუდიო და სანოტო კრებულის - "ოსური ხალხური სიმღერების" - პრეზენტაცია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფოლკლორის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, კრებული მომზადდა და გამოიცა ფოლკლორის მხრადაჭერის საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით.
კრებულში შესულია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული ოსური ხალხური სიმღერების სანოტო ხელნაწერები - დიმიტრი არაყიშვილის, ავქსენტი მეგრელიძის, გრიგოლ კოკელაძის, ვლადიმერ კურტიდის, დავით თორაძისა და ბორის გალაევის (გალათის) მიერ შეკრებილი და ნოტირებული 61 ნიმუში.
კრებულის გამოცემა ღირებულია იმით, რომ მასში თავმოყრილია თითქმის ერთი საუკუნის წინ ფიქსირებული ოსური სიმღერების იშვიათი ვარიანტები, რომელთა უმრავლესობა დღეს აღარც ყოფაში გვხვდება და აღარც სცენაზე. წლების მანძილზე არაერთი ქართული თუ ოსური ფოლკლორული ანსამბლი მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ოსური სიმღერის ერთსა და იმავე ვარიანტს ასრულებდა.
სიმღერები ნოტების მიხედვით ააჟღერა და ჩაწერა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "ნართებმა" (ხელმძღვანელი დავით ელბაქიძე).
სანოტო მასალა და კომპაქტდისკი - ნოტებიდან გაცოცხლებული ათი ოსური ხალხური სიმღერა - ხელახალ სიცოცხლეს მიანიჭებს მივიწყებულ ოსურ სიმღერებს და დაამკვიდრებს ქართული და ოსური ფოლკლორული ანსამბლების რეპერტუარში.
თარგმანი, სიმღერათა ტექსტების ქართული ტრანსკრიპცია და მათი აუდიოჩანაწერები ეკუთვნით ნაირა ბეპიევსა და რაზიათ ქუმარტოვს, მუსიკალური რედაქტორი ნანა ვალიშვილი, რედაქტორი ნაირა ბეპიევი,
ხმის რეჟისორი არჩილ ბურჭულაძე, სარედაქციო ჯგუფი _ თეა კასაბური, თამაზ გაბისონია.