მანანა ნაჭყებია ხელისუფლებას საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან დღეს "ალიანსი საქართველოსთვის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციზე ისაუბრა.
ამ თეზისის არგუმენტირებისას "ალიანსი საქართველოსთვის" წევრმა, მანანა ნაჭყებიამ სამი წლის წინ პარლამენტში მიმდინარე კანონპროექტის განხილვა გაიხსენა, რომელიც არასრულწლოვანთათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის 14 - დან 12 წლამდე დაწევას ითვალისწინებდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ნოვაციას საკმაოდ ნეგატიურად შეხვდა საზოგადოება, მედია, ექსპერტები, სპეცალისტები, ოპოზიცია, სახელისუფლებო გუნდმა მაინც ჯიუტად დაიცვა თავისი პოზიცია და აღნიშნული ცვლილება განახორციელა", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
ის, რომ ეს გადაწყვეტილება შეცდომა იყო "ალიანსი საქართველოსთვის" დღეისათვის მიმდინარე პროცესებითაც ხსნის - პარლამენტი კვლავ განიხილავს არასრულწლოვნებთან მიმართებაში სისხლის სამართლის საკითხს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას კვლავ 14 წლამდე ზრდის.
თუმცა მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელმეორედ შეცვლას შეცდომის აღიარებად სულაც არ აღიქვავს, მეტიც უმრავლესობას მიაჩნია, რომ შეცვლილი კანონპროექტი არასრულწლოვანებთან მიმართებაში სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციას შეუწყობს ხელს.
"ალიანსი საქართველოს" ერთ-ერთ წევრს მანანა ნაჭყებიას ყოველივე ამაზე თავისი შეხედულება აქვს.
"რა თქმა უნდა, სახელისუფლებო გუნდის განცხადება, რომ კანონის გამკაცრებამ თავისი ფუნქცია შეასრულა და ამჟამინდელი ცვლილებები ამან განაპირობა, დამაჯერებელი არ არის და ყველასთვის ნათელია, რით არის გამოწვეული ხელისუფლების ასეთი სახეცვლილება - არჩევნებით და სხვა პიარ კამპანიებით. სამწუხაროდ, ხელისუფლების სიხისტით, საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლობით დაზარალებულები ჩვენი მოქალაქეები რჩებიან", - მანანა ნაჭყებია.
ნაჭყებიას თქმით ხელისუფლების წინასარჩევნო ერთ-ერთი ლოზუნგი დიალოგი ხალხთან მხოლოდ და მხოლოდ ფარსია.
"ხელისუფლებას მხოლოდ სიტყვით აქვს დეკლარილებული, რომ ის მუდმივ დიალოგშია საზოგადოებასთან, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. ძალზე ხშირად კვლავ არის აგრესია განსხვავებული აზრის მიმართ, ხდება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებზე, რომელიც საზოგადოების ფართო წრის ინტერესს ეხება ისე, რომ საზოგადოების აზრი არ არის გათვალისწინებული", - მანანა ნაჭყებია.
"ალიანსი საქართველოსთვის" მოითხოვს ხელისუფლების მხრიდან არა მხოლოდ მოწოდებებს კონსტრუქციულობისკენ არამედ, პირველ რიგში თვით ხე;ისუფლების მზადყოფნას ოპოზიციასან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ასეთი რეჟიმისთვის, ისე, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებშია მიღებული.