უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენელს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევას საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდენს პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით დაეკისრება.
აღიშნულის შესახებ ნათქვამია "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" განახლებულ ვარიანტში, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, რაც ინიცირებულია პარლამენტში.
კანონპროექტის თანახმად, იმას, ვინც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილად ითვლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც დაიწყო, გრძელდებოდა, შეწყდა ან დამთავრდა საქართველოს ტერიტორიაზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე.
ამასთან, იმას, ვინც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა ხომალდზე, რომელიც უფლებამოსილია ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფო ალმით ან ამოსაცნობი ნიშნით, ანდა ასეთი ხომალდის წინააღმდეგ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
გარდა ამისა, თუ უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, აგრეთვე სხვა პირმა, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინეს, მათი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით.