საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია იაპონიის საერთაშორისო სააგენტოს (JICA) დელეგაციის წევრებს შეხვდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, მათ შორის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხრიდან საქართველოში უკვე განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იაპონურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
ჯალაღანიამ ისაუბრა ქვეყანაში გატარებულ ეკონომიკურ რეფორმებზე და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. ხაზი გაესვა იაპონიის მნიშვნელოვან როლს ქართული ეკონომიკის განვითარების საქმეში, რომლის მაგალითია "აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შესახებ სასესხო ხელშეკრულების" ხელმოწერა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ზემოაღნიშნული პროექტის რეალიზაცია გაზრდის საქართველოს სატრანზიტო როლს რეგიონში. ეს მაგისტრალი გახდება მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ხიდი, როგორც საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებისთვის, ასევე ცენტრალურ აზიასა და ევროპის რეგიონებს შორის.
ჟIჩA-ს წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა, განახორციელონ ახალი პროექტები საქართველოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.