სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა თავის გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის 26 აგვისტოს აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 7 ივლისის შემდეგ გამოაცხადებს ანუ მას შემდეგ რაც აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის სერგეი ბარაფშის გარდაცვალებიდან 40 დღიანი გლოვა დასრულდება.
ეს განცხადება თავად სერგეი შამბამ სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ყველაფრის შესახებ შვიდი რიცხვის შემდეგ გაიგებთ", _ განუცხადა შამბამ ჟურნალისტებს კითხვაზე პასუხის გაცემისას, რომელიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობას ეხებოდა.
შეახსენებთ, რომ ჯერ-ჯერობით, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ცესკოში ორი საინიციატივო ჯგუფია დარეგისტრირებული, რომლებიც "პრეზიდენტის თანამდებობაზე" რაულ ხაჯიმბასა და ალექსნდრე ანქვაბის კანდიდატურებს აყენებენ.