"დემოკრატიულმა მოძრაობამ" ანტინარკოტიკული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარმოადგინა. ამ თემას მიეძღვნა დღეს პარტიის ოფისში გამართული შეხვედრა, სადაც "დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა, გოგიტა გელაშვილმა მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტი ჟურნალისტებსა და ექსპერტებს გააცნო.
გოგიტა გელაშვილმა ზოგადად მიმოიხილა მსოფლიოში ნარკომანიის, როგორც სენის წარმოშობისა და განვითარების ისტორია და ბოლოს ამ ჭრილში საქართველოზეც ისაუბრა.
"დღეს საქართველოში არალეგალური ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით საგანგაშო ვითარებაა - არალეგალური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა სავარაუდოდ 100.000 - ს აჭარბებს. მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ საქართველოში ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 40.000 - ია. 16-17 წლის ყოველ მეხუთე მოზარდს კი ერთხელ მაინც აქვს გასინჯული ესა თუ ის არალეგალური ნარკოტკი", - აღნიშნა "დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
"დემოკრატიული მოძრაობის" მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი ნარკომანიის, როგორც პრობლემის დამამძიმებელი ფაქტორები:
1. ქვეყანაში არ ხორციელდება ფართომასშტაბიანი პრევენციული ღონისძიებები
2. ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს
3. არ არსებობს ნარკოტიკებისა მომხმარებელთა აღრიცხვიანობისა და ეპიდემოლოგიური ზედამხედველობის სისტემა
4. ნარკოლოგიური მომსახურება ძირითადად ხელმიუწვდომელია
5. საკადრო უზრუნველყოფის თვალსაზრისით მწვავე დეფიციტია
6. პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი სრულფასოვანი სარეაბილიტაციო დაწესებულება
7. ნარკოტიკებთან დაკავშირებული საფრთხე საქართველოში ხასიათდება მუდმივი ზრდის ტენდენციით
8. 2002-2006 წლებში ნარკოტიკის მოხმარების დაწყების საშუალო ასაკი საქართველოში 3,5 წლით გაახალგაზრდავდა
9. ნარკოტიკების მოხმარება აღინიშნება ყველა სოციალურ ფენაში
10. უკანასკნელ წლებში ქალებსა და გოგონებში ნარკოტიკების მოხმარების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა
არსებული გარემოებების გათვალისწინებით, "დემოკრატიული მოძრაობა" აცხადებს, რომ საქართველოში პრაქტიკულად საქმე გვაქვს ეპიდემიასთან.
"ნაეკოეპიდემიის შემდგომ ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს კრიმინოგენული სიტუაციის გართულება - საზოგადოების ინტელექტუალური რესურსების გაღარიბება, შრომისუნარიანობისა და პროდუქტიულობის დაქვეითება, ნარკოტიკების მოხმარებით საზოგადოებისთვის მიყენებული სამედიცინო და სოციალური ზიანის ზრდა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტაზე მიმართული ფინანსური დანახარჯების ზრდა", - "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
"დემოკრატიული მოძრაობის" მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარების წინააღმდეგ ბრძოლაში პრიორიტეტული უნდა იყოს ნარკოტიკებზე მოთხოვნისა და მოწოდების შემცირება, საკანონმდებლო ბაზის მუდმივი სრულყოფა, კადრების მომზადება, საერთაშორისო თანამშრომლობა, მონიტორინგი და კვლევა, საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაცია, კოორდინაცია.
დოკუმენტში ნარკომანიის პრობლემასთან ბრძოლის სტრატეგიულ სიახლედ ქვეყანაში უპირველეს პრიორიტეტად ნარკომანიის პირველადი პრევენციაა მიჩნეული.
"პრევენციის, რომელიც უფრო ეფექტური და იაფია, ვიდრე მკურნალობა, ძირითადად ღონისძიებებად განსაზღვრულია ერთიანი, მრავალსაფეხურიანი ანტინარკოტიკული აღზრდის სისტემის შექმნა, თემაზე ორიენტირებული პრევენციული პროგრამის შექმნა და იმპლემენტაცია, ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზება, ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია სამუშაო ადგილებზე", - გოგიტა გელაშვილი.
"დემოკრატიული მოძრაობის" მიერ შექმნილი დოკუმენტის თანახმად ანტინარკოტიკული პოლიტიკის მთავარი ფორმულა არის კანონს პლუს ნარკოტიკებზე უარის თქმა.