საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში გრძელდება. ის შეხვედრებს მართავს საფრანგეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან.
გუშინ გიორგი ბარამიძე საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს პიერ ლელუშს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, ასევე საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყებისა და საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირის ვიზების გამარტივების საკითხის გადაწყვეტის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა 2010 წლის გაზაფხულზე საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებსა და არჩევნებზე ევროკავშირის დამკვირვებლების მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის ვიცე- პრეზიდენტთან ფილიპ ვიტელთან. Gგიორგი ბარამიძემ ვიტელს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ურთულეს მდგომარეობაზე, ოკუპანტების მხრიდან მუდმივ პროვოკაციებსა და მოქალაქეების, განსაკუთრებით მოზარდების, გატაცების ფაქტებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში ევროკავშირის როლზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაზრდისა და მანდატის გაძლიერების, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დაცვის მექანიზმების შემუშავების აუცილებლობაზე. აღინიშნა საფრანგეთ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის ვიცე- პრეზიდენტმა პოზიტიურად შეაფასა მსოფლიოს უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი, განსაკუთრებით ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა. ვიტელმა ხაზი გაუსვა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობას. A
ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე გამოიკვეთა საზოგადოების დიდი ინტერესი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. გიორგი ბარამიძემ მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა და ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების გაუსაძლის პირობებზე და ოკუპანტების მიერ ადამიანთა უფლებების მუდმივად ხელყოფის ფაქტებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების მიმდინარეობაზე, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ამ მიმართულებით საფრანგეთთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე