რუსეთის ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს ყველანაირი დამხარება აღმოუჩინოს აფხაზეთის სოფელ აიბგას მოსახლეობას, რომელიც სოფლის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას „ითხოვს". შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვრის დემილიტაციის სამთავრობოთაშორისო კომისიის მუშაობის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ჯერ -ჯერობით არ თანხმდება რუსეთის ხელისუფლებას, რომელსაც სურს გაგრის რაიონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტერიტორიის საკუთარ საზღვრებში მოქცევა.
მოსკოვი აცხადებს, რომ სოფელი აიბგა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში საქართველოს სსრ-სა და რუსეთის ფედერაციის სსრ-ს საზღვარზე მდებარეობდა და ის ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ერთი ნაწილი საქართველოს ეკუთვნოდა , მეორე კი რუსეთს.
რუსული მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას ადლერის რაიონის სამართალდამცავები სოფელ აიბგაში იმყოფებოდნენ და მოსახლეობას დახმარებას შეპირდნენ - რომ ეყოლებთ უბნის ინსპექტიორი, რომელიც სადავო საკითხების გადაწყვეტაში დაეხმარებათ და დაიცვას მათ ინტერესებს.
ამავე დროს, „რუსეთის დელეგაციამ" სოფლის მოსახლეობას ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის პირობაც მისცა, რომელიც სოფელს 1990-იანი წლებიდან არ მიეწოდება.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ 1992 წელს, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, რუსეთის ჯარებმა საკუთარი ნებით დატოვეს რუსეთის კუთვნილი აიბგას ნაწილი. „ტერიტორიული დავა მას შემდეგ განახლდა, რაც გასული წლის ბოლოს რუსეთმა აფხაზეთს 160 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის დათმობა მოსთხოვა".
შეიქმნა სამთავრობოთაშორისო კომისია, რომელიც „სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია დემილიტაციის" საკითხებზე მუშაობს.
უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის საზოგადოებაში რუსეთისათვის ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით მეტწილად უარყოფითი რეაქციაა. სავარაუდოდ, აღნიშნული საკითხი საბოლოოდ სეპარატისტულ აფხაზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევის შემდეგ გადაწყდება.