რუსეთის მხრიდან პრობლემური საკითხების აღმოფხვრა თუ არ მოხდება საქართველო ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის გაგრძელების აზრს ვერ ხედავს. ამის შესახებ დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული შეიარაღებული ძალების მატებით, რაც უკანონო ხასიათს ატარებს. ასევე, შეშფოთებულია იმ ფაქტების გამო, რომ რუსეთის ფედერაცია ახორცილებს და გეგმავს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების სწორედ იმიტომ იმართება, რომ მსგავსი ფაქტების აცილება მოხდეს.
"თუ არ მოხდება ამ პრობლემური საკითხების აღმოფხვრა, მაშინ საქართველო ვერ დაინახავს აზრს ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებაში. ჩვენ კიდევ ველოდებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და პირველ რიგში მოლაპარაკების თანათავმჯდომარებმა ზეწოლა მოახდინონ რუსეთის ფედერაციაზე", - აღნიშნა კალანდაძემ.