„სახალხო კრება" ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს სიცრუეში ადანაშაულებს. „მაშინ, როდესაც სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის „მარიონეტული" გამოძიებაც კი ვეღარ ამტკიცებს, რომ 26 მაისს ორი ადამიანი ე.წ. „ბურჯანაძის ექსკორტში" შემავალი ავტომანქანების შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, მაშინ, როდესაც 25-ე არხის მიერ გადაღებულ და გამოქვეყნებულ კადრებში აშკარად ჩანს, როგორ კლავს სპეცრაზმი ცემით აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ბატონი გია ბარამიძე, ცოტა ხნის წინ გაზეთ „ლემონდისათვის" მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმციას და აპრიორი აცხადებს, რომ 26 მაისს „ბურჯანაძის ექსკორტმა" ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დასავლელი კოლეგების თვალში ქულების ჩაწერის მიზნით დასძენს, რომ 26 მაისს პოლიცელების მხრიდან ძალის გადამეტებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი და ეს კონკრეტული ფაქტები გამოძიებულ უნდა იქნას", - ნათქვამია კრების განცხადებაში.
„სახალხო კრება" მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან თავისი დანაშაულებისა და შეცდომების სხვისთვის გადაბრალება ტრადიციად იქცა.
„ჩვენ კვლავ მივმართავთ სასამართლოს სარჩელით უპასუხისმგებლო და წინასწარ განზრახული ცილისწამების გამო, ამჯერად ბატონი ბარამიძის მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის ნაწილში", - აღნიშნულია განცხადებაში.
„სახალხო კრება" წერილს გაზეთ „ლემონდსაც" გაუგზავნის, რათა „ბარამიძემ მათი გაზეთის მეშვეობით ცრუ ინფორმაციისა და ცილისწამების ტირაჟირება მოახდინა".