ყვარლის რაიონის სოფელ კუჭატანში IV საუკუნის ივერიის ღვთისმშობლის და VI საუკუნის კვირაცხოვლობის ეკლესიები ნადგურდება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს, მდგომარეობა გახშირებული წვიმების შემდეგ დამძიმდა.
ეკლესიებში წყალი ჩადის, რის გამოც კედლები დანესტილი და დაბზარულია, ფრესკები იშლება, ხატები კი დაობებულია.
„ლოცვის დროს სახურავიდან ქვები ცვივა. ისეთი შემთხვევებიც იყო, რომ ქვები და ნაშალი ზედ დაგვეყარა. წვიმა ხატებზე ჩამოდის და სველდება, ეკლესიაში კი გუბეები დგება", - აღნიშნა კუჭატანის მკვიდრმა ანა ხარებაძემ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილების სპეციალისტის ნანა სეფაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ეკლესიებს რამდენიმე წლის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით რესტავრაცია ჩაუტარდა. ამჟამად კი ეკლესიებში რა მდგომარეობაა მისთვის უცნობია.
კუჭატანის მაცხოვრებლები სოფელში სპეციალისტების ჩასვლას და ეკლესიების გადარჩენას ითხოვენ.