27 ივნისიდან სეპარატისტულ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელება ოფიციალურად დაიწყება.
აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ იგი 26 აგვისტოს აფხაზეთში დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.
"ასეთი განზრახვა მაქვს, თუმცა ამაზე მას შემდეგ ვისაუბროთ, როდესაც საარჩევნო კანონმდებლობა მოგვცემს ამის საშუალებას", _ აცხადებს შამბა.
შამბა ასევე გამორიცხავს ამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ალექსანდრე ანქვაბთან გაერთიანებას.
"არა მგონია, რომ ეს რეალური იყოს. იმიტომ, რომ მას თავისი გეგმები აქვს მე კი ჩემი. ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ ამ საკითხში გაერთიანება ნაკლებსავარაუდოა", _ აცხადებს შამბა და აღნიშნავს, რომ აფხაზეთში შესაძლებელია ყველაფერი, მათ შორის ისიც, რომ ერთ-ერთი მათგანი გახდება პრეზიდენტი, ხოლო მეორე ვიცე-პრეზიდენტი.
"აფხაზეთში ყველაფერი შესაძლებელია, იმიტომ რომ მნიშვნელოვან მომენტებში ერთმანეთში მოლაპარაკება შეგვიძლია. თუმცა ჯერჯერობით ეს ვარიანტი არ განიხილება", _ აცხადებს შამბა.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 26 აგვისტოს უნდა გაიმართოს.