საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებული დაპირისპირება პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე ან მათ ოჯახის წევრებზე თავდასხმად არ კვალიფიცირდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატან ცვლილებების ავტორმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის მტკიცებით, სისხლის სამართლის გამკაცრებული ნორმები მხოლოდ იმ შემთხვევებზე გავრცელდება, თუ თავდასხმის მიზანი პოლიციელის ან ხელისუფლების წარმომადგენლის საქმიანობა გახდება.
"თუ არასამუშაო ვითარებაში, საყოფაცხოვრებო ან პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, მოხდა დაპირისპირება, სისხლის სამართლის გამკაცრებული ზომები არ გავრცელდება. არავის აქვს ილუზია, რომ საყოფაცხოვრებო საკითხების გამო ადამიანს უვადო პატიმრობა მიესაჯოს", - ამტკიცებს კუბლაშვილი.
კანონპროექტის თანახმად, პოლიციელზე ან ხელისუფლებების წარმომადგენელზე, მათ სამსახურეობრივ ან საცხოვრებელ შენობებზე, სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმა, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურეობრივი საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, ხოლო თუ მოხდა აღნიშნული პირების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კანონპროექტიდან აღნიშნული ნორმის მთლიანად ამოღებას ითხოვს, რადგან, მათი თქმით, ის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებში უკვე გაწერილია და ახალი ნორმის გაჩენით მათი გადაფარვა ხდება, რაც კანონთან წინააღმდეგობაში მოდის.