"რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის უკვე 50 მდე მთავრობათაშორისო შეთანხმებაა გამოფორმებული და ხელმოსაწერად კიდევ 20 მზადდება", - ეს განცხადება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ღიაა ყველა ქვეყანასთან მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის "საგარეო პოლიტიკური მიმართულების ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად მაინც რუსეთთან თანამშრომლობა რჩება".
ამასთან ერთად ჯიოევი აღნიშნავს, რომ ოსი სეპარატისტები "მეზობელ" საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დასამყარებლად მზად არიან.
"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ყოველთვის ორიენტირებული იყო რუსეთის ფედერაციაზე, თუმცა ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება. ჩვენი სახელმწიფოს მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ მიმართულებად რჩება კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება მეზობელ საქართველოსთან, რომელთანაც სამხრეთ ოსეთი 2008 წლამდე საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა", _ აცხადებს ჯიოევი და აღნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებს მაინც მოუწევთ.
"ახლა ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები დავამყაროთ, ვინაიდან საქართველოც და სამხრეთ ოსეთიც კავკასიური სახელმწიფოებია. ჩვენ მეზობლები ვართ და ადრე თუ გვიან აუცილებელი გახდება ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანასწორუფლებიანი კეთილმეზობლური ურთიერთობები დამყარდეს", _ აცხადებს მურატ ჯიოევი.