26 ივნისს ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ხევსურულ საღამოში მონაწილეობას საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები მიიღებენ.
ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველოს მთიანეთისათვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები და სპეციალურად საღამოსათვის დამზადდება ხევსურული ლუდი.
ღონისძიების მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.
საღამოს დევიზია - თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!
ხევსურული საღამოს ორგანიზატორები არიან ტურისტული კომპანია "თებულოტური" და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, რომელიც 2007 წლიდან თბილისში, "მზიურში" ტრადიციულად, ყოველ 26 ივნისს ტარდება "ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს".