ე.წ. სამხრეთ ოსეთში 18 და 19 ივნისს დაკავებული საქართველოს 10 მოქალაქეის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ძაურის რაიონის სასამართლომ მათთვის ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტები სასამართლოს დარბაზში არ დაუშვეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე რობერტ გაზაევი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები, ონის რაიონის სოფელ ღარის მაცხოვრებლები ე.წ. სახელმწიფო საზღვრიდან 1,5 კმ-ის დაშორებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დააკავეს. მისივე ინფორმაციით, ქართველების დაკავებაში ოს სეპარატისტებთან ერთად რუსი ოკუპანტებიც მონაწილეობდნენ. გაზაევი აცხადებს, რომ საზღვრის დარღვევა ამ პერიოდში თითქმის ყოველწლიურად ხდება.