საპარლამენტო უმრავლესობას იმედი აქვს, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანა ვიზიტორების რაოდენობის გაზრდას ხელს შეუწყობს.
როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, პარლამენტის ქუთაისში გადატანას დასვლეთ საქართველოში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ეს იქნება არა მარტო დეპუტატებისა და აპარატების თანამშრომლების გადასვლა, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია - მეტი ვიზიტორი ჩამოვა ქუთაისში", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს თბილისიდან გადატანა რეგიონში მედიაბიზნესის განვითარებასაც ხელს შეუწყობს.
ცისკარიშვილის შეფასებით, ქუთაისში პარლამენტის გადასვლას ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი, სიმბოლური დატვირთვა აქვს, კერძოდ, ამით ქართველი კანონმდებლები საოკუპაციო ხაზთან უფრო ახლოს იქნებიან.
"კარგად გაიხსენეთ, რუსეთს სად აქვს საოკუპაციო ზოლი გავლებული. საკანონმდებლო ხელისუფლების დასავლეთ საქართველოში გადასვლით სიმბოლურადაც მოვახდენთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ კონსოლიდაციას, საოკუპაციო ზოლთანაც უფრო ახლოს იქნება და სიმბოლურადაც ექნება დატვირთვა იმის, რომ არაფრის გვეშინია", - დასძინა ცისკარიშვილმა.