დასუფთავების გაზრდილ გადასახადს სოციალურად დაუცველი ფენები არ გადაიხდიან, "შეძლებულ" ფენას მაღალი გადასახადის გადახდა მოუწევს.
ამის შესახებ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი მელაძემ "ქრისტიან-დემოკრატ" მაგდა ანიკაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ ვეფხვაძისგან უპასუხისმგებლო განცხადებების მოსმენას შეჩვეულნიი არიან, მაგრამ ანიკაშვილისგან "ამას არ ელოდა".
"ქალბატონ მაგდასგან არ ველოდებოდი, რომ ასეთ განცხადებას გააკეთებდა იმ საკითხზე, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, ვერ იქნება გარკვეული, რადგან ეს შეეხება ქალაქის ინფრასტრუქტურას, დასუფთავებას", - დასძინა დეპუტატმა.
ამასთან, მელაძის თქმით, დასუფთავების ტარიფის შეცვლის მიზეზი არის ის, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და თბილისში მცხოვრებმა 200 ათასამდე ოჯახმა შემცირებული გადასახადი გადაიხადოს.
"ქალაქის მთავრობა და ჩვენც ვცდილობთ გადასახადები რეალობასთან იყოს მორგებული, მაგრამ ქალაქი დასუფთავებაზე სამიათასამდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებენ და ამისთვის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხების გამოყოფა ხდება", - აცხადებს მელაძე და აქვე დასძენს, რომ დასუფთავების შემცირებულ გადასახადს სოციალურად დაუცველი ფენები არ გადაიხდიან, "შეძლებულ" ფენას კი გადასახადის მაღალი ტარიფის გადახდა მოუწევს.