გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი, 28-ე ოთხმხრივი შეხვედრა დასრულდა. ქართული მხარე შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების შესრულებაში ბრალდებულთა გადმოცემას ითხოვდა. ამას გარდა, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კონკრეტული საკითხებიც დააყენა - ქართული მოსახლეობის დარბევისა და გატაცების საქმეების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. თუმცა ამ მოთხოვნების შესრულებაზე რუსულმა მხარემ კატეგორიული უარით უპასუხა.
შეხვედრაზე რუსული მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხსენებულ პირებს საერთოდ არ იცნობენ.
"ჩვენ ვიცით, რომ ტერორისტები, ამჟამად, თავს აფარებენ ოკუპირებულ აფხაზეთს და ვაპირებთ, კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ ამ ადამიანების გადმოცემა", - აცხადებს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი.