მსახიობი გოგა პიპინაშვილი „გარიგება 2"- ის რეჟისორს ზაზა კოლელიშვილს მორალური უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. მსახიობი რეჟისორს იმ ერთი კადრის გამო ედავება, სადაც „გარიგების" პირველ ნაწილში მისი გმირის, მიტოს ფოტოსურათი ჩანს. „გარიგება 1"-ის მთავარი როლის შემსრულებელი პროდიუსერ დავით ბეჟიტაშვილს ამ კადრის ამოღებას სთხოვს.
„საქართველოში არსებობენ ვაი პროდიუსერები. ისინი იბრალებენ, რომ არიან ამა თუ იმ შემოქმედებითი ჯგუფის პროდიუსერები თუ ხელმძღვანელები. ვფიქრობ, რომ მათ პროფესიული მიდგომა უფრო მაღალ ხარისხში უნდა ჰქონდეს. მე ბატონი პროდიუსერი, გაფრთხილებული მყავდა, რომ ფილმთან მე და ჩემი სამსახიობო კარიერა არანაირ კავშირში არ უნდა ვყოფილიყავით და ამის პირობა მისგან მიღებული მქონდა. მას არ შეუძლია მაღალი ხარისხის ფილმის შექმნა და შენარჩუნება", - განაცხადა პიპინაშვილმა „პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ „გარიგება 2"-ში გოგა პიპინაშვილმა აღარ ითამაშა. მის ნაცვლად მიტოს როლი ფილმის სცენარის ავტორმა და რეჟისორმა ზაზა კოლელიშვილმა ითამაშა. გოგა პიპინაშვილის თქმით, მას დიდი ანაზღაურება შესთავაზეს ფილმში სათამაშოდ, თუმცა ის სცენარის გაცნობის შემდეგ არ დათანხმდა.