აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს გასცა განკარგულება ილინოისის შტატის ხელისუფლებიგან თითქმის ცარიელი მკაცრი რეჟიმის ციხის გამოსყიდვის შესახებ, რომელიც პატარა ქალაქ ტომსონში მდებარეობს. ეს ციხე აშშ-ს ხელისუფლებას გუანტანამოს პატიმრების ნაწილის გადმოსაყვანად სჭირდება. განცხადებას ამის შესახებ გაზეთი "Chicago Tribune" ავრცელებს.
ქალაქ ტომსონში ციხე 1990წელს აშენდა, ხოლო მისი დაკომპლექტება 2001 წელს მოხდა. აღნიშნული დაწესებულება ერთ ერთ ყველაზე კარგად დაცულ და უსაფრთხო დაწესებულებად ითვლება. ოფიციალური გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს საღამოს იქნება გახმოვანებული.
აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ერთ ერთი პირველი წინასაარჩევნო დაპირება და მისი ერთ ერთი პირველი გადაწყვეტილება პრეზიდენტის პოსტზე სწორედ გუანტანამოს ციხის დახურვა იყო. მაშინ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 2010 წლის იანვრისათვის გუანტანამოს ციხე დაიხურებოდა, ობამა კი აცხადებდა, რომ "ეს გადაწყვეტილება მსოფლიოში აშშ-ს პრესტიჟის აღდგენისკენ მიმართული ერთ ერთი ღონისძიება იყო".
ბარაკ ობამამ აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად ანუ გუანტანამოს ციხის დასახურავად კონგრესს 80 მილიონი აშშ დოლარი სთხოვა. თუმცა კონგრესმენების უმრავლესობამ იდეა გუანტანამოს პატიმრების ფედერალურ ციხეებში გადანაწილებას მხარი არ დაუჭირა.
ამის გამო ობამას კონგრესის წინაშე ახსნა-განმარტებებით გამოსვლამ მოუწია, რომლის დროსაც ობამა ასევე დაარწმუნა კონგრესმენები, რომ გუანტანამოს არც ერთი პატიმარი აშშ-ს ტერიტორიაზე გათავისუფლებული არ იქნებოდა.
ამავდროულად ვაშინგტონმა თხოვნით მიმართა ევროპულ ქვეყნებს, რათა გუანტანამოს პატირების ნაწილი "რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს" თავის ტერიტორიაზე მიეღოთ. აშშ-ს ამ თხოვნაზე მხოლოდ ირლანდია, პორტუგალია და უნგრეთი დასთანხმდა.
დეკემბრის ბოლოს აშშ-ს პრეზიდენტმა აღიარა, რომ დათქმულ ვადაში გუანტანამოს ციხის დახურვა შეუძლებელი იქნებოდა.
2002 წლიდან გუანტანამოს ციხეში ტერორიზმში ბრალდებული, ავღანეთსა და ერაყში დაკავებული, ალ-ქაიდასა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების 775-ზე მეტი მუსულმანია დაკავებული.
მათგან დაახლოებით 550 ვაშინგტონმა იმ სახელმწიფოებს გადასცა, ვისი წევრებიც ისინი იყვნენ ან სხვა ციხეში გადაიყვანა. მრავალი კი იმ სახელმწიფოებში გადაანაწილა რომლებიც მათ მიღებაზე დასთანხმდნენ.
ამჟამად გუანტანამოში 200 პატიმარია. მათი ნაწილის გასათავისუფლებლად ვაშინგტონი მზადაა,მაშინ როდესაც დანარჩენი პატიმრები სხვა და სხვა ციხეებში გადანაწილდებიან.
გუანტანამოს სამხედრო ბაზა აშშ-ს კუბისაგან 1903 წლის დასაწყისიდან აქვს ნაქირავები, ხოლო განსაკუთრებით საშიში დამნაშავეებისათვის ციხე კი იქ 2002 წლიდან განთავსდა.