27 ივნისს, 19:45 საათზე, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართება საერთაშორისო პრემიის, "ვარსკვლავის" ლაურეატების დაჯილდოება და გალაკონცერტი.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ პრემიის ნომინანტები - ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი მოცეკვავე მაია მახათელი და მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ვიაჩესლავ ლოპატინი. ასევე თბილისის ოპერისა და ბელეტის თეატრის საბალეტო დასი, წამყვანი სოლისტები და პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი.
ცნობილმა შვეიცარიელმა იუველირმა ჟილბერ ალბერმა და პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა ახალგაზრდა, ნიჭიერი მოცეკვავეებისთვის 2003 წელს დააწესეს სპეციალური პრემია "ვარსკვლავი". პრემია ყოველწლიურად გაიცემა.
პრემია წელს მესამედ გაიცემა. "ვარსკვლავის" ლაურეატები არიან ლაშა ხოზაშვილი (ბოსტონის ბალეტი, აშშ), ევგენია ობრაზცოვა (მარიას თეატრი, სანკტ-პეტერბურგი), ნინო გოგუა (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი), დევიდ ჰოლბერგი (ამერიკის ბალეტის თეატრი, ნიუ-იორკი).