საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე კვირას დანიას ეწვევა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყნის პირველი პირი კოპენჰაგენში, კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმს დაესწრება, 17 დეკემბერს კი მასზე სიტყვითაც გამოვა.
კალანდაძის განმარტებით, ფორუმის გარდა, მიხეილ სააკაშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
"სამიტს მსოფლიოს უმაღლესი რანგის წარმომადგენლები დაესწრება, რომლებთანაც საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ კოპენჰაგენში უკვე იმყოფება ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც მინისტრი გოგა ხაჩიძე ხელმძღვანელობს.