.მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზურაბ ნოღაიდელის თანაპარტიელების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობრივმა ქმედებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო.
მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, სააკაშვილის რეჟიმი სხვადასხვა ხერხებით ცდილობს, ხელი შეუშალოს რეგიონებში მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ღონისძიებების ჩატარებას.
როგორც ნოღაიდელის პარტიაში აცხადებენ, 11 დეკემბერს საპატრულო პოლიციისა და კუდ-ის ადგილობრივი სამსახურის თანამშრომლებმა, სატრანსპორტო გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს მოძრაობის წარმომადგენლებს, რომლებიც თელავში ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრაზე მიემგზავრებოდნენ.
"მოძრაობის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა წინაწარ იცოდნენ, რომ მიკროავტობუსების მძღოლები კატეგორიულად იყვნენ გაფრთხილებულები სამართალდამცავების მხრიდან, არავითარ შემთხვევაში არ წაეყვანათ ხალხი თელავში დაგეგმილ ღონისძიებაზე. ამიტომ, ისინი თელავში ჩაყვანის თაობაზე კერძო ტაქსების მფლობელებს გაურიგდნენ, მაგრამ კუდი-ს თანამშრომლებმა ისინიც აიძულეს უარი ეთქვათ თელავში წასვლაზე. ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები მუქი ლურჯი "ემელის" მოდელის "მერსედესით" (MჭN - 481) გადადგილდებოდნენ და მათ ლამის გურჯაანამდე სდიეს მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" სიღნაღის რაიონის კოორდინატორს ილია ხატიაშვილს. მიუხედავად ხელოვნურად შექმნილი პრობლემებისა, მოძრაობის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეძლეს ღონისძიებაზე მისვლა", _ აცხადებენ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლები.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნა და შექმნას ნორმალური გარემო პარტიული ღონისძიებების ჩასატარებლად.