სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის ე.წ. უზენაესი სასამართლო ოფიციალურად ორ კვირაში გამოიტანს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, ჩატარდება თუ არა ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი, რომელიც ოს სეპარატისტთა ლიდერის, ედუარდ კოკოითის ე.წ. მესამე ვადით "პრეზიდენტად" არჩევას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სასამართლომ დოკუმენტაციის განხილვა უკვე დაიწყო. "მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადაწყვეტილება 14 დღე-ღამის განმავლობაში უნდა იქნეს გამოტანილი", _ იუწყება კომიტეტი.
რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ხელმოწერების შეგროვების საინიციატივო ჯგუფი 23 აპრილს შეიქმნა.
საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერები რეფერენდუმზე გამოსატანი ორი საკითხის შესახებ შეაგროვა - " რუსული ენის სტატუსის სახელმწიფოებრივამდე ამაღლების შესახებ და საპრეზიდენტო ვადის ზედიზედ სამჯერ არჩევის შესაძლებლობის შესახებ".