ევროპის წარმომადგენლობითმა ორგანიზაციებმა შვედეთის თავჯდომარეობის დროს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეული შედეგები და წარმატებები შეაჯამეს. ამ თემას მიეძღვნა დღეს სასტუმრო "რედისონში" გამართული პრესკონფერენცია, რომელიც შვედეთის საელჩოს ორგანიზებით მოეწყო.
შეხვედრას ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში - პიტერ სემნების გარდა, საქართველოში მყოფი ყველა წამყვანი ევროპელი დიპლომატი ესწრებოდა. მათ შორის ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყნის, შვედეთის საგანგებო ელჩი - ფრედრიკ ლოიდკვისტი, ჩეხეთის ელჩი - ივან იასტრები, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი - ჰანსიორგ ჰაბერი და ევროპის გაერთიანების წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში - პერ ეკლუნდი.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრიდან ლისაბონის ხელშეკრულება შევიდა ძალაში, რაც ევროკავშირის სტრუქტურაში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოსაც შეეხება. ლისაბონის ხელშეკრულება მკაფიოდ განმარტა შვედეთის ელჩმა, ფრედრიკ ლოიდკვისტმა. მისი თქმით, იანვრიდან საქართველოში ევროკავშირის კომისიას ჩეხეთის საელჩო უხელმძღვანელებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირის მომდევნო თავმჯდომარე ქვეყანას - ესპანეთს, თბილისში საელჩო არ გააჩნია.
"მალე საქართველოში შვედეთის თავმჯდომარეობით ევროკავშირის მისია სრულდება და დროებით ევროკომისიის მართვას ჩეხეთის საელჩო შეითავსებს, გამომდინარე იქიდან, რომ ესპანეთს ამ ქვეყანაში საელჩო არ აქვს", - განაცხადა ლოიდკვისტმა.
შვედი დიპლომატის განცხადებით, მომავალი წლიდან ევროსაბჭოს კომისია ევროკავშირის საგარეო სამოქმედო სამსახურად გადაკეთდება, რომელსაც დროებით ბარონესა აშტონი, შემდგომ კი პერ ეკლუნდი უხელმძღვანელებს.
ევროპელმა დიპლომატებმა გასული ერთი წელი შეაფასეს და მიღწეული შედეგებით კმაყოფილება გამოთქვეს.
"მიუხედავად იმის, რომ შვედეთს კრიზისულ პერიოდში მოუხდა ევროკავშირის თავმჯდომარეობა, მაინც შევძელით წარმატებული ღონისძიებების გატარება, მათ შორის 27 ელჩის უმაღლესი კლასის ვიზიტი საქართველოში. გამოსწორდა სიტუაცია თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებთან, იმის ფონზე, რომ ვერც ერთი საერთაშორისო მისია ამ რეგიონებში ვერ შედის", - აღნიშნა ლოიდკვისტმა.
დიპლომატებმა გაიმეორეს ევროკავშირის პოზიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ლოიდკვისტმა.
შეხვედრაზე ცხინვალში დაკავებულ ორ მოზარდზედაც ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ სეპარატისტები თომას ჰამერბერგისთვის მიცემულ პირობას შეასრულებენ და ქართველ ახალგაზრდებს სახლში დააბრუნებენ.