დედოფლისწყაროს რაიონში, საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან, არქეოლოგებმა VII-VIII საუკუნეების ნაქალაქარი აღმოაჩინეს, რომელიც 12 ჰექტარზეა გაშლილი.
ზედაპირის დათვალიერებისას სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ქალაქს თავის დროზე გარშემო დიდი გალავანი ერტყა, შიგნით კი საცხოვრებელ სახლებთან ერთად სამლოცველოც იყო. არქეოლოგებმა სწორედ სამლოცველოს ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
„მდინარე იორის მარცხენა სანაპიროზე, საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან დაფიქსირდა ციხე-სიმაგრე, ასე ვთქვათ ნაქალაქარი. შემორჩენილია კოშკები, დანგრეული ეკლესია და როგორც სპეციალისტები ათარიღებენ აკრეფილი კერამიკის მიხედვით, ეს არის დაახლოებით VII-VIII საუკუნეების. მთელი ქალაქი დაახლოებით 12 ჰექტარზეა გადაჭიმული და ეს არის ძალიან დიდი დასახლება. ციხე-ქალაქი მთაზეა განლაგებული და როგორც კი გადაიხედავთ მთის იქით, უკვე აზერბაიჯანია", - განაცხადა არქეოლოგმა კოტე ფიცხელაურმა.
არქეოლოგიური გათხრები საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან დაფინანსების არარსებობის გამო ამ დრომდე არ მიმდინარეობს. სპეციალისტების თქმით, არქეოლოგიური გათხრების შემთხვევაში, შესაძლებელია კიდევ სხვა მნიშვნელოვანი აღმოჩენებიც გაკეთდეს.