საარჩევნო პროცესში "ფარულ რეკლამასთან" დაკავშირებით ოპოზიცია და საპარლამენტო უმრავლესობა ვერ შეთანხმდა. ამ საკითხთან დაკავშირებით დებატები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "საარჩენო კოდექსში~ ცვლილებების შეტანის პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას გაიმართა.
ოპოზიციამ ხელისუფლება უგულავასთან დაკავშირებული კლიპებისთვის გააკრიტიკა, რომელიც მერიის ცალკეულ სამსახურებთან დაკავშირებით გადის, თუმცა ყველა მათგანში უგულავა ფიგურირებს. საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს კლიპები პირდაპირი რეკლამაა და მათში საბიუჯეტო სახსრები იხარჯება.
"ქრისტიან-დემოკრატები" ითხოვენ, "საარჩევნო კდოექსის" გარდამავალ დებულებაში ჩაიწეროს, რომ საბიუჯეტო სახსრებით რეკლამა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აიკრძალოს მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან და არა არჩევნების დღის ოფიციალურად დანიშვნიდან.
როგორც ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ოფიციალურად არ დანიშნულა, ყველასთვის ცნობილია მისი გამართვის თარიღი და შესაბამისად, ხელისუფლება ოპოზიციას არათანაბარ პირობებში აყენებს.
უმრავლესობა კი აცხადებს, რომ ოპოზიციის ეს არგუმენტი "გაუგებარი და მიუღებელია~. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, არჩევნების გამართვის სავარაუდო თარიღი ყოველთვის ცნობილია და ოპოზიციას შეეძლება ნებისმიერ კლიპში ნებისმიერ დროს, ფარული რეკლამა დაინახოს. შესაბამისად, ოპოზიცის ეს შენიშვნა კანონში არ აისახება.