მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ხელისუფლებას პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, პარტიის წევრთა მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობრივმა ქმედებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო.
"სააკაშვილის რეჟიმი სხვადასხვა ხერხითა და ფორმით ცდილობს, ხელი შეუშალოს რეგიონებში მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ღონისძიებების ჩატარებას. სამეგრელოს შემდეგ, ზურაბ ნოღაიდელის თანაგუნდელებისთვის პრობლემების შექმნას სამართალდამცავები 11 დეკემბერს უკვე კახეთში შეეცადნენ. საპატრულო პოლიციისა და კუდ-ის ადგილობრივი სამსახურის თანამშრომლებმა სატრანსპორტო გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს მოძრაობის წარმომადგენლებს, რომლებიც თელავში ნოღაიდელთან შეხვედრაზე მიემგზავრებოდნენ", - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.
მასში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავებმა მოძრაობის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის წევრთა გადადგილებაც შეაფერხეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს ღონისძიებაზე მიმავალი მიკროავტობუსი, მათ ჯერ მძღოლი დაკითხეს, შემდეგ კი _ მგზავრები.
"პოლიციელებმა დაწვრილებით "გამოიკვლიეს", სად და რა მიზნით გადადგილდებობდნენ ისინი. ამას მოჰყვა პირადობის დამადასტურებელი საბუთების მოთხოვნა და შემოწმება. შედეგად, ნოღაიდელის გურჯაანელმა მხარდამჭერებმა თელავში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ ჩააღწიეს. ნოღაიდელის თანაპარტიელების გადაადგილების ბლოკირებასთან ერთად, სამართალდამცავები თელავში, უშუალოდ ღონისძიების ადგილის სიახლოვესაც "აქტიურობდნენ". მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ხელსუფლებას პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების დევნის პოლიტიკური ნიშნით შეწყვეტისკენ მოუწოდებს", - აღნიშნულია განცხადებაში.