საპარლამენტო ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ადგილობრივი მმართველობებისთვის 2010 წლის ბიუჯეტში დამატებით გათვალისწინებული 200 მილიონი ლარი ადგილობრივი არჩევნებისთვის იქნება გამოყენებული.
როგორც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე "საარჩევნი კოდექსის" განხილვისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, მაშინ, როდესაც ბიუჯეტში თითქმის ყველა მუხლი შემცირებულია, მოულოდნელად ადგილობრივი საკრებულოების დაფინანსება 200 მილიონი ლარით გაიზრდა.
ბაღათურიას თქმით, რადგან საარჩევნო კამპანია ფაქტობრივად დაწყებულია, გამგებლები ამ თანხას წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენებენ, რაც არათანაბარი კონკურენციის მდგომარეობაში ჩააყენებს საარჩევნო სუბიექტებს. წინასაარჩევნოდ ადგილობრივი საკრებულოების დაფინანსების გაზრდა, ბაღათურიას თქმით, პოლიტიკურად იყო გათვლილი.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პალიკო კუბლაშვილის განმარტებით, იმის გამო, რომ არჩევნები 2010 წლის დასაწყისშია დანიშნული, 2009 წლის ბოლოს ბიუჯეტის დამტკიცების გადადება შეუძლებელია.