კაიროში საქართველო-ეგვიპტეს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ ჭრილში.
გარდა ამისა, განხილულ იქნა ეგვიპტური ინვესტიციების მოზიდვის საკითხი საქართველოში და ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ინვესტიციების დარგში თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
აღინიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორ ქვეყანას შორის "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" და "ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ" შეთანხმებების დადებას.
ამასთან, საუბარი შეეხო 19-21 იანვარს ეგვიპტეში დაგეგმილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის და ასევე აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში საქართველო-ეგვიპტის ეკონომიკური კომისიის გამართვის საკითხის დეტალებს.
მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის გაერო-ს ფარგლებში თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.
ეგვიპტეში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან ასათიანი, საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი სურამელაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტეში გოჩა ჯაფარიძე.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ეგვიპტის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტთან გაფართოებული შემადგენლობით.