სოჭის ოლიმპიური მშენებლობისთვის მიწოდებული ინერტული მასალისთვის თანხა აფხაზი სეპარატისტებისთვის ჯერაც არავის გადაუხდია. ამჟამად სეპარატისტული აფხაზეთიდან მშენებლობებზე ინერტული მასალის გატანა შეწყვეტილია. ინფორმაცია ამის შესახებ გაზეთ "კომერსანტთან" საუბარში სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა.
"დიახ, ინერტული მასალის მიწოდება რამდენიმე ხნის განმავლობაში მართლაც ხორციელდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჟამად იგი შეწყვეტილია. "ოლიმპსტროიმ" ჩვენს მიმწოდებლებს თანხა არ გადაუხადა. ხალხს არაფერი მიუღია. ბელგიური გემის ფულიც კი არ არის გადახდილი, რომელიც იჯარით იყო აღებული ინერტული მასალის სოჭში გადასაზიდად", _ აცხადებს შამბა და აღნიშნავს, რომ აფხაზი სეპარატისტები ამჟამად "ოლიმპსტროისთან" არ თანამშრომლობენ.
"ოლიმპსტროისთან" დროებით არ ვთანამშრომლობთ, იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს", _ აცხადებს შამბა.