"არასმთავრობო ორგანიზაცია "ექიმთა კავშირი" სადაზღვევო კომპანიებს ევროპის ქვეყნების მაგალითის გაზიარებისა და საქართველოში ახალი სისტემის დანერგვისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის წევრი ექიმები აღნიშნავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს პრევენციულ ღონისძიებებს, კერძოდ, ამა თუ იმ დაავადების პირველად და მეორად პრევენციას. მათი თქმით, თუკი ეს მიმართულება საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიებისთვის პრიორიტეტულად იქცევა, მოქალაქეების ჯანმრთელობა უფრო დაცული, ხოლო თავად კომპანიების მუშაობა გაცილებით ეფექტური და მომგებიანი გახდება. ექიმების პროგნოზით, ახალი სისტემა ქვეყანაში სიკვდილიანობის რიცხვს საგრძნობლად შეამცირებს და დემოგრაფიულ მატებას ხელს შეუწყობს.
"ეს მიმართულება ეტაპობრივად უნდა განვითარდეს, სხვა და სხვა ნოზოლოგიების დატვირთვით, მაგალითად, ტრაქეის, ბრონქებისა და ფილტვის კიბოს შემთხვევებში. სადაზღვევო კომპანიამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ დაზღვეულ კლიენტს ყოველწლიურად (წელიწადში ერთხელ) ჩაუტარდება ის ღონისძიებები, რასაც პირველადი და მეორადი პრევენცია მოიცავს. თანაც, კომპანიას ეს ბევრად იაფი დაუჯდება, ვიდრე ქირურგიული ოპერაცია. ქიმიო და ლაზერული თერაპია, შეუწყობს ხელს რომ გაახანგლძლივოს კლიენტის შრომისუნარიანობა , შეუნარჩუნოს ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ონკო-ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში ტრაქეის, ბრონქისა და ფილტვის კიბოთი 790 ადამიანი დარეგისტრირდა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფილტვის კიბოს სიმპტომები დაავადების III ან IV სტადიაში ვლინდება და ამ ეტაპზე დაწყებული მკურნალობა დაგვიანებულად შეიძლება ჩაითვალოს.
სადაზღვეო კომპანიამ პროფილი (მაგალითად, ონკოლოგიური თუ სხვა) და ნოზოლოგია სტატისტიკის საფუძველზე უნდა აირჩიოს. დღესდღეისობით, საქართველოში პირველ და მეორე ადგილს გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებები იკავებენ და შესაბამისად, უპრიანი იქნებოდა ამ დაავადებების პრევენცია".