საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გამართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, მინისტრი ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს სახელმწიფოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს, დომინიკ მამბერტის შეხვდა, რომელთანაც ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. ამასთან, ხაზი გაესვა ვატიკანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები მოძრაობა " Comunione e Liberazione'' ეკონომიკური დეპარტამენტის " Compagnia delle Opere "-ს თავმჯდომარესთან, ასევე მალტის სუვერენული ორდენის დიდ კანცლერ ჟან პიერ მაზრისთან.
დღეს კი, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები ვატიკანის კულტურის საბჭოს პრეზიდენტ, არქიეპისკოპოს ჯანფრანკო რავაზისთან, აღმოსავლეთის ეკლესიათა კონგრეგაციის პრეფექტ, კარდინალ ლეონარდო სანდრისთან და ვატიკანის ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარე, კარდინალ ვალტერ კასპერთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუები ვატიკანის ტელევიზიასა და გაზეთ " Osservatore Romano "-სთან.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე ვატიკანში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.