ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. პრაღაში გიორგი ბარამიძე გაფართოებისა და სამეზობლოსთან ურთიერთობის საკითხებში ევროკომისარს სტეფან ფულეს შეხვდება. შეხვედრაზე ისაუბრებენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალურ თემებზე, კერძოდ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ხელშეკრულების დროულად ხელმოწერისა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და მისი მშვიდობიანი მოგვარებაში ევროკავშირის როლზე.
ვიცე პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკიდან საფრანგეთში გაემგზავრება და შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორთან, სენატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან და ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან.
მასალის გამოყენების პირობები