მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი საზოგადოებას იმ წარუმატებლობებს აცნობს, რომელიც, მისი განცხადებით, სააკაშვილის რეჟიმმა 2009 წელს ეკონომიკის სფეროში "დაამყარა".
"პირველად, 1994 წლის შემდეგ, შემცირდა ქვეყნის ეკონომიკა. პირველად, 1995 წლის შემდეგ, დაიკარგა სამუშაო ადგილები. პირველად, 1999 წლის შემდეგ, საქართველოში გაღრმავდა სიღარიბე. პირველად, 2006 წლის შემდეგ, ჩვენი მოქალაქეები კვლავ გარბიან ქვეყნიდან. არადა, ჩემი პრემიერ-მინისტრობისა და ფინანასთა მინისტრობის დროს სულ სხვა სურათი იყო: ეკონომიკა საშუალოდ 10 პროცენტით იზრდებოდა და ყოველწლიურად 50 ათასი სამუშაო ადგილი იქმნებოდა", _ განაცხადა ნოღაიდელმა პრესკონფერენციაზე.
მისი განცხადებით, საქართველოს 2009 წლის ეკონომიკა სწორედ ამ ოთხი მაჩვენებლის (ეკონომიკის ვარდნა, სამუშაო ადგილების შემცირება, სიღარიბისა და ემიგრაციის ზრდა) მიხედვით უნდა შეფასდეს და შესაბამისად, სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ პასუხი უნდა აგოს.
"თუ არ მივეჩვევით იმას, რომ საქმის გაფუჭებისთვის და ცუდი შედეგებისთვის ხელისუფლებას პასუხი მოეთხოვება, ისე საქართველო ვერ განვითარდება", _ მიიჩნევს იგი.
ნოღაიდელის თქმით, არსებობდა იმის წინაპირობა, რომ 2009 წელს ეკონომიკის 7-პროცენტიანი ვარდნა არ მომხდარიყო. გონივრულად და ეფექტურად უნდა ყოფილიყო გამოყენებული ის 2-მილიარდიანი დახმარება, რომელიც საქართველომ უცხოეთიდან სხვადასხვა სესხისა და გრანტის სახით მიიღო. "ასეთი სოლიდური ფინანსური ინექციის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა, წინსვლის ნაცვლად, ვარდნას განიცდის", _ აცხადებს ნოღაიდელი და ამას რამდენიმე მიზეზით ხსნის.
"ბიზნესის დატერორება, არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება (მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვა), საომარი რიტორიკა _ ხელისუფლების ეს ქმედებებია იმის მიზეზი, რომ 2009 წელს ქვეყანაში სიღარიბის დონე გაორმაგდა და მის ზღვარს ქვემოთ უკვე 750 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 160 ათასი ადამიანი კი უმუშევარი დარჩა", _ აცხადებს იგი.
ნოღაიდელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააკაშვილის რეჟიმი მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული და შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრებს, ძ|ირითადად, ვანო მერაბიშვილის უწყებისკენ მიმართავს, რათა არჩევნების გაყალბების გზით, "გამარჯვებას" მიაღწიოს.
"ციფრების ენაზე ეს ასე ჟღერს: საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის გათვალიწინებულია 781 მილიონი ლარი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 4,1 პროცენტი), თავდაცვისთვის (748 მილიონი ლარი - მშპ-ს 3,9 პროცენტი). და ეს მაშინ, როდესაც უკანა პლანზეა გადაწეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სფეროები. კერძოდ, ჯანდაცვაზე გათვალისწინებულია მხოლოდ 409,3 მილიონი ლარი (მშპ-ს 2,1 პროცენტი), განათლებასა და მეცნიერებაზე _ 523,9 მილიონი ლარი (მშპ-ს 2,8 პროცენტი), ხოლო სოფლის მეურნეობაზე _ სულ რაღაც 82 მილიონი ლარი (მშპ-ს 0,4 პროცენტი)", - აცხადებს იგი.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ქვეყნის "შემოტრიალების" რეცეპტი არსებობს და ის არც თუ ისე რთულია. როგორც ნოღაიდელი აღნიშნავს, ქვეყნის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო სახსრები გადანაწილებული უნდა იყოს შემდეგი პროპორციით: ჯანდაცვას - 950 მილიონი ლარი (მშპ-ს 5 პროცენტი), განათლებასა და მეცნიერებას _ 670 მილიონი ლარი (3,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობას _ 500 მილიონი ლარი (2,5 პროცენტი), თავდაცვას _ 380 მილიონი ლარი (2 პროცენტი), საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას _ 380 მილიონი ლარი (2 პროცენტი).
"ან სააკაშვილი მიიღებს სწორ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რისიც ნაკლებად მჯერა, ან დაიწყება მისი რეჟიმის დემონტაჟი. ყველა შემთხვევაში, 2010 წელი უნდა გახდეს საქართველოს გამარჯვების ან გამარჯვების დაწყების წელი", _ აცხადებს ნოღაიდელი.