10 დეკემბერს, პარლამენტში სახალხო დამცველის 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშის განხილვის პროცესი იწყება. ანგარიშზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი იმსჯელებს. ანგარიშს დეპუტატებს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში წარუდგენს.
ადამიანის უფლებების შესახებ სახალხო დამცველის 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიში, ყოფილი ომბუდსმენის სოზარ სუბარის მიერაა მომზადებული და პარლამენტში ოქტომბრის ბოლოს შევიდა. ანგარიშში საუბარია სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, სამართალდამცავთა გადაცდომებზე, რელიგიურ საკითხებზე, აპრილ-მაისის ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე და სხვა.
პარლამენტს განუხილველი რჩება 2008 წლის მეორე ნახევრის ანგარიში, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, საპროტესტო აქციების გამო პარლამენტის მუშაობის შეფერხებამ გამოიწვია. სახალხო დამცველის 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიში კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეკემბრის ბოლოს გავა.