კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა რეჟისორ ქეთი დოლიძეს თუმანიშვილის თეატრში რეჟისორად დარჩენას სთავაზობს.
"ეს ადამიანი თეარტში დარჩება. უბრალოდ, ხელმძღვანელი პოზიციიდან არის გათავისუფლებული. თუ სურვილი ექნება, შეუძლია, თეატრში დარჩეს და სპექტაკლები დადგას", - განუცხადა რურუამ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება დოლიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ ის თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან პოლიტიკური ნიშნით იქნა გათავისუფლებული, რურუა "არასერიოზულს" უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალ "საჩუქარის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, რეჟისორი ქეთი დოლიძე დედაქალაქის მერ გიგი უგულავს "პრიმიტიულ შურისძიებაში" ადანაშაულებს. როგორც რეჟისორმა თუმანიშვილის თეატრის მსახიობებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სინამდვილეს არ შეესაბამება მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან მიზანმიმართული კამპანია აწარმოა თბილისის მერიის მიერ დაარსებული თეატრალური ფესტივალის "თბილისი ინტერნეშენალის" წინააღმდეგ.