ოს სეპარატისტთა ლიდერის რწმუნებულმა ე.წ პოსტკონფლქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა ცხინვალში მყოფ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან (პიერ მორელი - ევროკავშირი, ანტი ტურუნენი - გაერო და გედრიუს ჩეკუალესი - ეუთო) შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გაამახვილა ყურადღება და მათ როგორც ყოველთვის "აგრესიული" უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ჩოჩიევის თქმით, ასეთ განცხადებებს საქართველოს ხელისუფლება ჟენევის მოლაპარაკებათა ყველა რაუნდის წინ სისტემატიურად აკეთებს.
"მოროგი ასეთი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ქართულ ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მან განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყვნენ "თითქმის შეუსრულებელი ამოცანების შესასრულებლადაც კი". იგივეს ამბობდა საააშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე გორის სამხედრო ბაზაზე", _ განაცხადა ჩოჩიევმა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებების ფონზე "ძნელია იმედი გქონდეს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება ჟენევაში გაფორმებული იქნება".
"ამ საკითხთან მიმართებაში თანათავმჯდომარეებისაგან ახალ წინადადებებს ველით", _ განაცხადა ჩოჩიევმა და ასევე აღნიშნა, რომ ოს სეპარატისტებს აშფოთებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "სააკაშვილის რეჟიმი იარაღის შესაძენად აქტიურ მუშაობას აწარმოებს".
ჩოჩიევის განვცხადებების შემდეგ, ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარემ პიერ მორელმა განაცხადა, რომ მუშაობა ჟენევის ფორმატში, მართალია რთულად, მაგრამ მაინც წინ მიიწევს. "დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტის არეალი ფართოვდება", _ განაცხადა მორელმა.
"ამის შემდეგ შეხვედრა მედიის წარმომადგენელთა დასწრების გარეშე გაგრძელდა", _ იუწყება ოსური მედია.