შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 2004 წლის 22 დეკემბერს მომხდარ ყაჩაღობაში მონაწილე პირები, გიორგი ბარბაქაძე და პაატა გურჩიანი დააკავეს.
გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ გიორგი ბარბაქაძე, რომელიც მუშაობდა იმ პერიოდისთვის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს ექიმად, ვლადიმერ ორჯონიკიძესთან ერთად დაგეგმა თბილისის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს ხელფასების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება.
"ვლადიმერ ორჯონიკიძე აღნიშნული საქმის შესასრულებლად დაუკავშირდა პაატა გურჩიანს, მევლუდ გუჯეჯიანს, ზაზა ხორგუანს, გიორგი გურჩიანს და ელდარ აფრასიძეს. ზემოთ ჩომოთვლილი პირები 2004 წლის 22 დეკემბერს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ფისტოლეტებით შეიარაღებულები თავს დაესხნენ ვაკე-საბურთალოს რაიონში მდებარე, თბილისის სახანძრო სამასახურს და გაიტაცეს აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ხელფასი 131 452 ლარის ოდენობით", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
ყაჩაღობაში ბრალდებული მევლუდ გუჯეჯიანი, ზაზა ხორგუანი და გიორგი გურჩიანი შსს-ის მიერ იძებნებიან. ვლადიმერ ორჯონიკიძე 2006 წლიდან სასჯელს იხდის ნარკოტიკული დანაშაულისთვის.
დაკავებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 179-ე მუხლით.