მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა დიმიტრი შაშკინს განათლების მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლების სფერო საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული მიმართულებაა.
გილაურმა მინისტრებს დაავალა, წარმოადგინონ მიმდინარე წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანალიზი და მედიის წარმომადგენლებს გააცნონ, რათა საზოგადოებამ დეტალური ინფორმაცია მიიღოს მთავრობის საქმიანობის შესახებ.
"მინდა მიულოცო შაშკინს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოსტი მინისტრთა კაბინეტში, რადგან განათლება არის სტრატეგიული მიმართულება ქვეყნის განვითარებისთვის. მინდა მას წარმატება ვუსურვო. მინისტრებმა დაიწყეს პრეზენტაციები და ისინი წარმოადგენენ იმ საქმიანობის ანალიზს, რომელიც მიმდინარე წელს გაკეთდა. მათ მივმართავ, რომ გარდა მთავრობის სხდომებისა, ეს პრეზენტაციები ჟურნალისტებსაც წარუდგინონ, რათა საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი სამინისტროების საქმიანობის შესახებ", - განაცხადა გილაურმა.