ცნობილი ხდება ნიცაში საქართველოს მოქალაქის მიერ სომხეთისა და ყაზახეთის მოქალაქის მკვლელობის საქმის დეტალები. მოკლულთა შორის ერთ-ერთი სომხეთის მოქალაქე, 39 ედვარდ მარგარიანი ე.წ. კანონიერი ქურდი იყო და კრიმინალურ წრეებში "ედო ოკტემბერიანსკის" ზედმეტი სახელით იყო ცნობილი. მეორე მოკლული ყაზახეთის მოქალაქე აბდულა ერზანუკაევია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, მარგარიანი სომხეთის ქალაქ ოკტემბერიანის მცხოვრებია. 1997 წელს იგი "კანონიერ ქურდად" ძმებმა რუდიკ და ვაჩიგოს ოგანოვებმა აკურთხეს. ისინი კონფლიქტში იმყოფებოდნენ ცნობილ "კანონიერ ქურდ" ასლან უსოიანთან, რომელიც კრიმინალურ წრეებში "დედ ჰასანის" ზედმეტი სახელითაა ცნობილი.
"ძმებ ოგანოვების მკვლელობის შემდეგ მარგარიანმა დატოვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლები და საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა. იგი ბარსელონაში ცხოვრობდა, ხოლო ნიცაში მეუღლისა და შვილების მოსანახულებლად იყო ჩასული.
მეორე მოკლული - ერზანუკაევი ჩეჩნური წარმოშობის ყაზახეთის მოქალაქეა", _ აცხადებს წყარო.
მათი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაკავებულ იქნა 40 წლის სოხუმელი, საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური სომეხი ანდო სარკისიანი, რომელმაც, ოპერატიული მონაცემებით ორმაგი მკვლელობა უკვე აღიარა.
სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაციით, მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდი კონფლიქტში იმყოფება ეთნიკურად ჩეჩნურ კრიმინალურ დაჯგუფებებთან.