საქართველოს ხელისუფლებას სულ დავიწყებული აქვს, რომ ახალგორის ტერიტორიებს ოდესღაც ვაკონტროლებდით. საქართველო ძალიან უცნაურ პოლიტიკას ატარებს. ამის შესახებ სოზარ სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენს მთავრობას სურს, რომ ახალგორის რაიონში აღარ დარჩეს არც ერთი მოსახლე. შარშან ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეს საქართველოში 13 კილო ნიგოზი არ გადმოატანინეს, კონტრაბანდააო, გუშინ კი საბაჟოზე პრინტერი არ გაატანინეს საქართველოს საზღვრიდან," - განაცხადა "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა.
მისივე განცხადებით, პრინტერი საქართველოს საზღვრიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორს თამარ მეარაყიშვილს არ გადაატანინეს, რომელსაც ახალგორის რაიონში ევროკავშირის მიერ ნაჩუქარი პრინტერი მიჰქონდა.
"დაახლოებით 8 საათსა და 20 წუთზე მივედით ქართულ საგუშაგოსთან, ისინი წინასწარ ინფორმირებული იყვნენ. მკითხეს, რამე ტექნიკა თუ მიმქონდა, მეც ვაჩვენე პრინტერი. ამის შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტექნიკის გადატანა კანონით აკრძალულია, თუმცა ვერ დამისახელა კანონი და მუხლი, რისი მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტექნიკის გადატანა იკრძალება," - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.