დაანონსებული აქციების, ხელისუფლებასა და „რვიანს" შორის გაუგებარი ვითარებისა და ზოგადად, ქვეყანაში ამჟამად არსებულ მდგომარეობას პროფესორი, ისტორიკოსი ნესტან კირთაძე სამართლისა და სამართლიანობის დეფიციტს უკავშირებს.
„ჩვენი პრობლემა ერთ სიტყვაში გამოიხატება, იმის მოუხედავად რომ პრობლემების მთელი რიგი დაგროვდა და ბევრის თქმა ვერც მოვასწარით , ამ პრობლემის სახელი არის სოციალური უსამართლობა და , ზოგადად სამართალისა და სამართლიანობის არ არსებობა ქვეყანაში.
საქართველოში გაკეთდება თუ არა სამართლიანი არჩევანი და ჩატარდება თუ არა სამართლიანი არჩევნები? წლებია ვსვავ კითხვას, რატომ იკარგება და ჩნდება პერიოდულად ერთი მილიონი ხმა? დააკვირდით 2003 წლიდან არჩევნებში ამომრჩეველთა რაოდენობას.. ხან არის 3 მილიონზე მეტი, ხან 2 მილიონზე მეტი. ხელისუფლება ამ 1 მილიონი ხმით მაშინ მანიპულირებს როცა მას დამატებითი 1 მილიონი ხმა სჭირდება. ეს დიდი უსამართლობაა, ეს ხელისუფლების უკანონოდ მიტაცებაა, ეს ხალხის ნების უგულვებელყოფაა და ეს დანაშაულია. ამიტომაც არის სჭირო განსაკუთრებული პროცედურები, პროცედურები, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს საქართველოს ამომრჩევლების რაოდნეობას. ასე რომ ჩვენი მთავარი პრობლემა არის როგორი იქნება არა ზოგადად საარჩევნო კოდექსი, არამედ ამომრჩევლების ზუსტი რაოდენობა, მათი ვალდებულება არჩევნების მიმართ და პატიოსანი პოლიტიკური ნება", - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნესტან კირთაძე.
მისი თქმით, ასევე აუცილებელია საქართველოს ყოველი მოქალაქე თავს ვალდებულად მიიჩნევდეს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და მისი სუვერენული ხმა დელეგირებული იყოს წარმომადგენლობით ორგანოშიც და ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც.
კირთაძე აცხადებს, რომ ასეთ პირობებში ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ კადრებს საზოგადებას „რევოლუციას" და სახელმწიფო გადატრიალებებს და ეს უკვე იქნება ავად მოსაგონარი ღრმა წარსული და ამაზე აპელირება და ამით მანიპულირება პოლიტიკური განზომილებების სფერო აღარ იქნება.
კირთაძე სკეპტიკურად უყურებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ისედაც ჩიხში შესული მოლაპარაკებების მომავალს.
„პირადად მე , რამდენიმე მიზეზის გამო. ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ პროცესს, რომელსაც ე. წ. რვიანის დიალოგი ჰქვია ხელისუფლებასთან. პირველი მიზეზი ეს არის გამოცდილება - ხელისუფლებასთან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საკითხებზე უკვე გამართული დიალოგის შედეგების მიმართ. მეორე და უფრო მთავარი: ხელისუფლება, რომელმაც უკვე პრაქტიკულად ერთპარტიულ ფორმატში მიიღო ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუცია და სადაც ნომინალური გახადა ხალხის ხმა ანუ საქართველოს პარლამენტის უფლებები, სრულიად უუფლებო გახადა ოპოზიცია და სადაც პრაქტიკულად ჩადო მისი სახელისუფლებო მუდმივობის ფორმულა, რა თქმა უნდა ასე იოლად არ დათმობს და მხოლოდ თავისუფალი არჩევნების ემოციას არ მიანდობს მის ყოფნა - არყოფნას", - აცხადებს კირთაძე და დასძენს, - „მაგრამ ამის მიუხედავად არის კიდევ რაღაც, რომელსაც ხალხის ნება ჰქვია. ნება იმისა, რომ დაიბრუნოს მისგან წართმეული ძალაუფლება , რომ თავად იყოს მისი არჩევანის სუვერენული უფლების გამომხატველი და მისი არჩევანის განმსაზღვრელი. ამ შანსს იძლევა არა ხელისუფლებისა და რვიანის ურთიერთშეთანხმება საქართველოს ხვალინდელ დემოკრატიულ განვითარებაზე, არამედ ხალხის პრინციპულობა და სრულიად ახალი მსოფლიო, სადაც ამ მოკლე ხანში აღმოვჩნდით. ხელისუფლება უკან დაიხევს. და იმიტომ კი არა, რომ ასეთი პრინციპულები არიან ჩვენი კოლეგები მოლაპარაკების მაგიდასთან, არამედ იმიტომ, რომ დასავლეთი აღარ ეგუება ავტოკრატების და ავტორიტარული რეჟიმების არსებობსა ყველგან და მათ შორის მოკავშირე ქვეყნებშიც".