ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარე თვეში გაიმართება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განუცხადა.
"ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს საერთო საზღვარზე მოძრაობის აღდგენა. ოფიციალური თბილისი ამ საკითხთან მიმართებაში საკმაოდ არათანმიმდევრულად იქცევა, მაგრამ თუ გონივრული მიდგომა გაიმარჯვებს, ვიმედოვნებთ, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შედეგს გამოიღებს", - განაცხადა კარასინმა.
"ყაზბეგი _ ზემო-ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა გაამყარებს საქართველოს როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციას", _ აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარქისიანი.
მისივე თქმით, საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა დადებითად აისახება რეგიონის შემდეგომ ეკონომიკურ განვითარებაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, თუ "ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნას მოსკოვი პოზიტიურად უყურებს, მაშინ ქართული მხარე მას დადებითად აფასებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნიინო კალანდაძის განმარტებით, თუ მოსკოვი ლარსის გახსნისთვის მზადაა, ეს ქმედითი ნაბიჯებით უნდა დაამტკიცოს.
"ჩვენ ამ პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით ჩვენი მზადყოფნა უკვე დავაფიქსირეთ. თუ აღნიშნულს მოსკოვიც პოზიციურად უყურებს, მაშინ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს",- განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ერევანში გაიმართა.