ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი" მიიჩნევს, რომ მხოლოდ მსოფლიოს ქვეყნების მეოთხედ ნაწილშია მედია სრულად თავისუფალია.
გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით ნაწილობრივ გაუმჯობესდა ვითარება საქართველოში.
მედიის თავისუფლების რეიტინგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ არ არის სასურველ დონეზე. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გასულ წელთან შედარებით გარკვეულწილად სიტუაცია გაუმჯობესდა საქართველოში, ყირგიზეთსა და მოლდოვაში.
უკრაინის რეიტინგი დაეცა, ხოლო რუსეთსა და აზერბაიჯანში პრესის თავისუფლება კვლავ დაბალ დონეზეა. ბელორუსი, თურქმენეთი და უზბეკეთი იმ ქვეყნების სიაში შევიდნენ, სადაც პრესის თავისუფლების მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა.
"ფრიდომ ჰაუსის" განცხადებით, დღეისთვის მსოფლიო ქვეყნების მხოლოდ 25 %-ში არის მედია სრულად თავისუფალი ცენზურისგან, ამ ქვეყნებში კი დედამიწის მოსახლეობის მხოლოს 15 % ცხოვრობს.
„იმის მიუხედავად, რომ ინტერნეტი სულ უფრო ხდება ინფორმაციის გაცვლის გავრცელებულ შესაძლებლობად, მისი პოპულარობა ყოველთვის ხელს არ უწყობს მედიის განვითარებას ავტორიტარულ ქვეყნებში", - აცხადებს „ფრიდომ ჰაუსის" მოხსენების მთავარი რედაქტორი კერინ კარლეკარი.
მისი თქმით, ხელისუფლებებმა ისწავლეს მედიის არა მხოლოდ ტრადიციული კონტროლი, არამედ ისინი ინტერნეტსივრცესაც აკონტროლებენ.