საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 9-14 დეკემბერს ვატიკანსა და ბერნს ეწვევა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს მალტის სუვერენული ორდენის დიდ კანცლერ ჟან პიერ მაზრისთან, მოძრაობა "Comunione e Liberazione"-ის ეკონომიკური დეპარტამენტის "Compagnia delle Opere" თავმჯდომარე ბერნარდ შოლცთან და ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს სახელმწიფოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროს დომინიკ მამბერტთან.
ასევე გაიმართება შეხვედრები ვატიკანის კულტურის საბჭოს პრეზიდენტ არქიეპისკოპოს ჯანფრანკო რავაზისთან და აღმოსავლეთის ეკლესიათა კონგრეგაციის პრეფექტ კარდინალ ლეონარდო სანდრისთან.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუს მისცემს იტალიურ გაზეთს "Oservatore Romanno".
ბერნში ვიზიტის დროს კი, შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის უფროსის (საგარეო საქმეთა მინისტრის) მიშელინ კალმი-რეის სახელით გაიმართება სადილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პატივსაცემად.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ მრჩეველთან მიშელინ კალმი-რეისთან პირისპირ და ეკონომიკის მინისტრთან დორის ლოიტარდთან.